თანამედროვე სახლი – როდესაც „თანამედროვე სახლს“ ვახსენებთ, ხშირად წარმოვიდგენთ შუშის დიდ ფანჯრებს, სუფთა ხაზებს, ღია სივრცეებს და ბუნებასთან კავშირს. თუმცა თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ შუშის გამოყენებას ან სახლის მარტივ ფორმას არ ნიშნავს. ეს განვითარდა არქიტექტორების მიერ ყოველდღიური ცხოვრების აღქმის ცვლილების შედეგად. შედეგად დაიბადა ახალი კითხვა: როგორი უნდა იყოს სახლი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების წესს შეესაბამება?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მე-20 საუკუნის რამდენიმე საკულტო სახლი გვეხმარება. მათი დიზაინი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ისინი აერთიანებს იდეებს, რომლებიც საცხოვრებელი არქიტექტურის განვითარებაზე დღემდე ახდენს გავლენას.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია Villa Savoye საფრანგეთში, რომელიც ლე კორბუზიემ დააპროექტა და 1931 წელს დასრულდა. სახლი მარტივ გეომეტრიულ ფორმაზეა აგებული და თხელ სვეტებზე დგას. ეს კი შენობის ქვეშ თავისუფალი სივრცეს ქმნის და ლანდშაფტს სახლის გარშემო გაგრძელების საშუალება აძლევს. ინტერიერში ოთახებს შორის ტრადიციული გამყოფები შემცირებულია, ხოლო დიდი ფანჯრები და ღია ტერასა სივრცეში მეტ სინათლესა და ჰაერს უშვებს. Villa Savoye იმის მნიშვნელოვანი მაგალითი გახდა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე არქიტექტურამ შეცვალოს სახლის, ადამიანის და გარემოს ურთიერთობა.
კიდევ ერთი ცნობილი მაგალითია Farnsworth House ილინოისში, რომელიც ლუდვიგ მის ვან დერ როემ დააპროექტა და 1951 წელს დასრულდა. სახლი მარტივი შუშის ყუთია, რომელიც ფოლადის კონსტრუქციაზეა დაყრდნობილი. ძირითად საცხოვრებელ სივრცეს თითქმის არ აქვს შიდა გამყოფი კედლები, ამიტომ გარემო ინტერიერის ნაწილად იქცევა. სახლი წარმოაჩენს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მთავარ იდეას – შენობის დაყვანას მის არსებით ელემენტებამდე და სტრუქტურის, სინათლისა და ლანდშაფტისთვის წამყვანი როლის მინიჭებას.
თანამედროვე არქიტექტურას უფრო თბილი მიდგომის გამოყენებაც შეუძლია. ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ დაპროექტებული Fallingwater, რომელიც 1939 წელს დასრულდა, პენსილვანიაში, ჩანჩქერის თავზეა აშენებული. მისი დიდი ჰორიზონტალური ტერასები ლანდშაფტისკენ არის გაშლილი და სახლს ტყესა და წყალთან აკავშირებს. რაიტს სურდა, რომ ადამიანებს ბუნება არა უბრალოდ ფანჯრიდან დაენახათ, არამედ თავად სივრცეში ეგრძნოთ. სახლში ასევე ადგილობრივი ქვაა გამოყენებული, რაც მას გარემოსთან კიდევ უფრო აკავშირებს.
თანამედროვე სახლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეაა ფუნქციური დიზაინი. ეს არ ნიშნავს, რომ სახლი ცივი ან ცარიელი უნდა იყოს. მთავარი ისაა, რომ დიზაინი პასუხობდეს იმას, თუ როგორ იყენებენ ადამიანები სივრცეს. ოთახები, ფანჯრები, ავეჯი, განათება და გადაადგილების გზები ისე იგეგმება, რომ სახლი ყოველდღიურ ცხოვრებას ბუნებრივად მოერგოს.|
ამ ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი მასალებიც თამაშობს. თანამედროვე არქიტექტორები ხშირად იყენებდნენ ბეტონს, ფოლადსა და მინას, რადგან ეს მასალები მათ საშუალებას აძლევდა შეექმნათ დიდი ფანჯრები, ღია გეგმარება, თხელი კონსტრუქციები და ახალი ფორმები. ფრენკ ლოიდ რაიტმა და ალვარ აალტომ კი აჩვენეს, რომ თანამედროვე არქიტექტურაში ხისა და ქვის გამოყენებით უფრო თბილი სივრცეების შექმნაც იყო შესაძლებელი.
ბუნებრივი სინათლე თანამედროვე საცხოვრებელი არქიტექტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. არქიტექტორებმა დაიწყეს დიდი ღიობების, სახურავის ფანჯრებისა და სწორად განთავსებული ფანჯრების გამოყენება, რათა დღის სინათლე სახლის სიღრმეშიც მოხვედრილიყო. ამან შეცვალა არა მხოლოდ შენობების ვიზუალური მხარე, არამედ ისიც, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სივრცეს დღის სხვადასხვა დროს.
თანამედროვე არქიტექტურა უფრო მეტად იმ იდეებს ეხება, რომლებიც დიზაინის უკან დგას. ღია გეგმარება, ბუნებრივი სინათლე, მარტივი კონსტრუქციები, ახალი მასალები და ლანდშაფტთან ძლიერი კავშირი – ეს ყველაფერი უკავშირდება სურვილს, შექმნილიყო ისეთი სახლები, რომლებიც ცხოვრების წესის ცვლილებებს შეესაბამებოდა. სწორედ ამიტომ, ბევრი ასეთი სახლი ათწლეულების შემდეგაც თანამედროვე ჩანს.
ავტორი – ლიზა ჩიმაკაძე.