ურბანული არქიტექტურა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა ან ცალკეული ნაგებობების ერთიანობა არ არის. ის უშუალოდ განსაზღვრავს ჩვენს განწყობასა და გადაადგილების ჩვევებს. ევროპულ არქიტექტურასა და ურბანისტიკაში წლებია მკვიდრდება მიდგომა, რომელიც ცენტრში ადამიანს აყენებს. ევროპელი არქიტექტორები ცდილობენ, გასცდნენ მხოლოდ ლამაზი ობიექტების დაპროექტებას და შექმნან სივრცეები, რომლებიც უშუალოდ აუმჯობესებს ურბანულ ცხოვრებას, ზოგავს დროს და აღადგენს ბუნებასთან დაკარგულ კავშირებს.
ამ მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია დანიელი არქიტექტორი ბიარკე ინგელსი და მისი გუნდი, რომლებმაც კოპენჰაგენში სრულიად შეცვალეს ტრადიციული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული ნაგებობა.
მათ დააპროექტეს CopenHill – ენერგოეფექტური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც სრულიად ახალი სოციალური განზომილება შესძინეს. ინგელსმა ქარხნის დახრილი სახურავი გამოიყენა და მასზე ხელოვნური სათხილამურო ტრასა, ცოცვის კედელი და მწვანე საფეხმავლო ბილიკები მოაწყო. შედეგად, ობიექტი, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქისგან იზოლირებული იყო, კოპენჰაგენელების ყოველდღიური აქტიური დასვენების ადგილად გადაიქცა. ამ პროექტით არქიტექტორმა დაამტკიცა, რომ მდგრადი არქიტექტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გასართობიც.
თუ დროში უფრო უკან დავბრუნდებით, XIX საუკუნის კატალონიელი ინჟინერ-არქიტექტორის, ილდეფონს სერდას ხედვა ბარსელონას Eixample-ს უბნის დაპროექტებისას დღემდე განსაზღვრავს ქალაქის ცხოვრების რიტმს. სერდას მიზანი იყო ისეთი ქალაქის შექმნა, სადაც თითოეულ მაცხოვრებელს ექნებოდა თანაბარი წვდომა სუფთა ჰაერზე, სინათლესა და გამწვანებაზე.
მან შექმნა რეგულარული ბადე ჩამოჭრილი კუთხეებით, რაც უკეთეს ხილვადობასა და ვენტილაციას უზრუნველყოფდა. თანამედროვე არქიტექტორებმა ეს ისტორიული ბადე გამოიყენეს და შექმნეს სუპერბლოკები (Superblocks) – რამდენიმე კვარტლის გაერთიანება, სადაც შიდა ქუჩებზე მანქანების მოძრაობა მკვეთრად შეიზღუდა. ამ არქიტექტორულმა გადაწყვეტილებამ ქუჩას ჩამოართვა მხოლოდ ტრანზიტული გზის ფუნქცია და ის საცხოვრებელ სივრცედ აქცია. ქუჩები გადაიქცა მწვანე სკვერებად, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ თამაშობენ.
არქიტექტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და საქალაქო სივრცეების ხელახლა გაცოცხლებაა. შვეიცარიულმა არქიტექტორულმა კომპანიამ Herzog & de Meuron ჰამბურგის ძველი პორტის რეაბილიტაციისას (HafenCity) შექმნა ცნობილი ელბის ფილარმონია (Elbphilharmonie). არქიტექტორებმა არ დაანგრიეს ისტორიული აგურის საწყობი, არამედ მასზე თანამედროვე მინის კონსტრუქცია დააშენეს, შენობის შუაგულში კი ღია პლაზა მოაწყვეს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესვლა და ქალაქის ხედით ტკბობა.
ამ პროექტით ძველი ინდუსტრიული პორტი ქალაქის კულტურულ და საფეხმავლო ცენტრად აქციეს. არქიტექტორებმა ჰამბურგის მოსახლეობას დაუბრუნეს წყლის სანაპირო, სადაც მუშაობა, კულტურა და დასვენება ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.
ევროპული არქიტექტურის ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რომ თანამედროვე არქიტექტორის როლი გაცილებით ფართოა, ვიდრე უბრალოდ შენობის დაპროექტება. არქიტექტორი ქმნის უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და მრავალფუნქციურ სივრცეებს, სადაც ბუნებრივი განათება, საფეხმავლო ბილიკები და გამწვანებული ზონები პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სტრესის დონეზე. გარდა ამისა, სწორად დაგეგმილი სივრცე ადამიანებს საშუალებას აძლევს, ნაკლები დრო დახარჯონ ტრანსპორტში და მეტი დრო დაუთმონ პირად ცხოვრებას. საბოლოო ჯამში, არქიტექტორი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებისთვის – ის აპროექტებს არა მხოლოდ კედლებსა და ჭერს, არამედ თავად ცხოვრების წესსაც.
ავტორი: სოფიო ხეცურიანი