მადრიდის არქიტექტურულ წიაღში პრადოს მუზეუმი განსაკუთრებული სტრუქტურითა და ისტორიული მდგრადობით გამოირჩევა.
Museo Nacional del Prado წარმოადგენს ნეოკლასიციზმის კლასიკურ ნიმუშს, რომელიც XVIII საუკუნის ესპანეთის კულტურულ ამბიციას და თანამედროვე ინჟინერიის შესაძლებლობებს შორის დამაკავშირებელ ხიდად იქცა.
პრადოს მუზეუმის აგება XVIII საუკუნეში მეფე კარლოს III-ის მმართველობის დროს დაიწყო. მეფის მიზანი იყო სამეცნიერო და კულტურული დაწესებულების დაფუძნება, რაც იმ პერიოდის ესპანეთის ინტელექტუალურ ამბიციას ასახავდა. პროექტს არქიტექტორი ხუან დე ვილანუევა ხელმძღვანელობდა. მან შექმნა ნაგებობა, რომელიც ეფუძნებოდა ნეოკლასიციზმის პრინციპებს — მკაფიო სიმეტრიითა და ჰარმონიული პროპორციებით.
შენობა აგებულია აგურისა და გრანიტის კომბინაციით. გარე კედლების ძირითადი ნაწილი აგურითაა ნაშენები, ხოლო სტრუქტურული საყრდენები და ფასადების დეკორატიული ელემენტები გრანიტითაა დაფარული. სვეტები მარტივი და მკაფიოა – ყოველგვარი სიმძაფრის გარეშე, რაც შენობას ელეგანტურ იერსახეს ანიჭებს. ფასადზე წამყვანი ელემენტია ჰორიზონტალური ხაზები და სწორი კარნიზები, რომლთა ერთობლიობაც მთლიანობაში სიმშვიდეს ქმნის.
პრადოს მუზეიმის გეგმარების სისტემა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ცენტრალური ბლოკი, რომელიც წარმოადგენს მთავარ შესასვლსა და გალერეას და ორი გრძივი ფრთა, რომლებიც ეზოებით უკავშირდება ერთმანეთს. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს სივრცის ოპტიმალურ ფუნქციურობას და ნათელ დინამიკას — არქიტექტურული კომპოზიცია თითქოს ხაზს უსვამს გამჭვირვალობასა და წონასწორობას, რაც ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
შიდა სივრცეები ბუნებრივი განათების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულადაა დამუშავებული. ვილანუევამ გამოიყენა გრძივი დერეფნები, მაღალი სარკმლები და რომ გამოფენის დარბაზებში სინათლე თანაბრად გადანაწილებულიყო — ასე იქმნება ნაზი განათება, რომელიც იდეალურია ფერწერის აღსაქმელად. ეს ტექნიკა კი იმ დროისათვის ინოვაციურ გადაწყვეტად ითვლებოდა.
XX და XXI საუკუნეების რეკონსტრუქციებმა შეძლეს შენობის თავდაპირველი სტრუქტურული სისტემის შენარჩუნება, თუმცა აუცილებელი გახდა მისი გამაგრება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. განხორციელდა სეისმური სტაბილიზაცია, დაემატა ფოლადის მსუბუქი გადახურვები და სრულად განახლდა შიდა ინტერიერის ფენები — ყველაფერი იმ მიზნით, რომ ისტორიული იდენტობა უცვლელი დარჩენილიყო.
თანამედროვე არქიტექტორებმა, მათ შორის რაფაელ მონეომ პრადოს მუზეუმის შენობაში ჩააინტეგრირეს მინისა და ფოლადის ელემენტები, რომლებიც მსუბუქ, გამჭვირვალე და მოქნილ საგამოფენო გარემოს ქმნიან.
დღეს პრადო არის ნაგებობა, სადაც სტრუქტურული სიმტკიცე და ვიზუალური სისუფთავე ერთდროულად თანაარსებობს. ეს არის ადგილი, სადაც ქვის მასა და სინათლე თანაბრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შენობის სიზუსტე, პროპორციების გამართულობა და მისი ისტორიული მდგრადობა აჩვენებს, რომ არქიტექტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელოვნების ჩარჩო, არამედ თავად ხელოვნება, ქალაქის სივრცე, სადაც XVIII საუკუნის არქიტექტურული წესრიგი და თანამედროვე კულტურის სიცოცხლე ერთიანად სუნთქავს.
ავტორი: სოფიო ხეცურიანი
არქიტექტურული ნახაზის წყარო