MAAT – Museum of Art, Architecture and Technology წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს, სადაც ფორმა, მასალა და ურბანული კონტექსტი ერთიან კომპოზიციას წარმოადგენს. შენობა მდებარეობს Tagus River-ის სანაპიროზე და ერთგვარ ვიზუალურ კავშირს ქმნის ქალაქთან და წყალთან.
პროექტი ეკუთვნის Amanda Levete-ს და მისი სტუდიას – AL_A-ს. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა, ხოლო ოფიციალურად იმავე წელს გაიხსნა. მისი არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება ტოპოგრაფიულ მიდგომას – შენობა თითქოს მიწის ზედაპირზეა “წამოზრდილი და არა ცალკე მოცულობა არამედ მასთან სრულყოფილად შერწყმული ნაგებობაა. მისი რბილი, ტალღოვანი ფორმა რეფლექსიას აკეთებს მდინარის დინამიკაზე და ამავდროულად პასუხობს გარემოს. ფორმის გენერირებაში გამოყენებულია პარამეტრული მოდელირება, რაც საშუალებას იძლევა ზედაპირის თითოეული მრუდი იყოს როგორც ვიზუალურად ჰარმონიული, ისე ფუნქციურად გამართლებული.
ფასადის მთავარი მასალა არის კერამიკული ფილები, რომლებიც სინათლის მიხედვით იცვლიან ტონს. კონკრეტულად, გამოყენებულია დაახლოებით 15 000-მდე სამგანზომილებიანი კერამიკული ელემენტი, რომლებიც ინდივიდუალურად არის მოდულირებული და დამონტაჟებული ალუმინის ქვეკონსტრუქციაზე.
ეს სისტემა არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, არამედ უზრუნველყოფს ვენტილირებად ფასადს, რაც ამცირებს თერმულ დატვირთვას შიდა სივრცეებზე. დღის სხვადასხვა მონაკვეთში შენობა განსხვავებულად აღიქმება. დილას უფრო ნეიტრალური და მსუბუქია, ხოლო მზის ჩასვლისას იღებს თბილ, თითქმის მეტალისებურ ელფერს. ეს ეფექტი ქმნის მუდმივად ცვალებად არქიტექტურულ გამოცდილებას, რაც თავის მხრივ, ნაგებობის ხასიათისთვის დამატებითი დეტალია.
შენობის სახურავის კონსტრუქცია წარმოადგენს რკინა-ბეტონისა და ფოლადის ჰიბრიდულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს დიდი გადახურვის უნარს შიდა სვეტების მინიმალური გამოყენებით. ვიზიტორებს შეუძლიათ ავიდნენ ზედა სართულზე და მიიღონ პანორამული ხედები მდინარეზე და ქალაქზე. ამით არქიტექტურა სცდება მხოლოდ ექსპოზიციურ ფუნქციას და გარდაიქმნება ურბანულ ლანდშაფტად, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოქალაქეებისა და ტურისტების მიერ.
ინტერიერში სივრცეები ორგანიზებულია ექსპოზიციური საჭიროებების მიხედვით. გალერეები არ არის მკაცრად განსაზღვრული ფორმებით, რაც სხვადასხვა ტიპის ინსტალაციების ადაპტაციის შესაძლებლობას იძლევა. ტექნიკურად, სივრცეები აღჭურვილია მოდულარული განათების სისტემებითა და ინტეგრირებული აკუსტიკური პანელებით, რაც მნიშვნელოვანია მულტიფუნქციური ღონისძიებებისთვის. საერთო ჯამში შიდა არქიტექტურა ისეა დაგეგმილი, რომ ვიზიტორის გადაადგილება ბუნებრივად გარდაიქმნება სივრცის აღმოჩენის პროცესად.
MAAT – Museum of Art, Architecture and Technology არ ცდილობს დომინირებას გარემოზე. პირიქით, მისი ფორმა და მასალები ხაზს უსვამს არსებულ კონტექსტს: მდინარეს, სინათლეს და ქალაქის რიტმს. სწორედ ეს ბალანსი და ზუსტად გათვლილი საინჟინრო თუ მასალის გადაწყვეტები, ქმნის პროექტის მთავარ ღირებულებას თანამედროვე არქიტექტურაში.
წყარო 1