Skip links

პორტუგალიური არქიტექტურა – როცა ქალაქები მუზეუმებად იქცევა

Share
თუ ოდესმე ლისაბონის ან პორტოს ქუჩებში გაივლით, შეამჩნევთ, რომ შენობებს ისეთივე გულისყურით დაათვალიერებთ, როგორც გალერეაში ცნობილ ხელოვნების ნიმუშებს. პორტუგალიური არქიტექტურა ასეთია: ფასადები კერამიკული ფილებით ბრწყინავს, ვიწრო ქუჩები მოულოდნელად კაშკაშა მოედნებად იქცევა, ხოლო მზის სხივები თეთრ კედლებს ისე ეცემა, რომ მთელი ქალაქი კინემატოგრაფიულად გამოიყურება. 

ეს პორტუგალიის მაგიაა. პორტუგალიური არქიტექტურა არა მხოლოდ ქალაქის ფონს ქმნის – ის გამოცდილების მთავარი ნაწილია. 

პორტუგალიურ არქიტექტურას ასე მომხიბვლელს ის ხდის, რომ ის თავად ქვეყნის ისტორიაზე გვიყვება. საუკუნეების განმავლობაში საზღვაო ექსპედიციებმა, ხელოსნობამ, კულტურამ და კლიმატმა შენობების დღევანდელი იერსახე ჩამოაყალიბა. 

პორტუგალია ყოველთვის იყო დაკავშირებული ატლანტის ოკეანესთან. საუკუნეების განმავლობაში ის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო ქვეყანა იყო. ზღვასთან ამ ურთიერთობამ კი ძლიერი კვალი დატოვა ქვეყნის არქიტექტურაზე.

პორტუგალიის არაერთი ქალაქი ბორცვებისა და მდინარეების გარშემოა აშენებული, რაც დრამატულ ხედებს და მრავალშრიან ურბანულ ლანდშაფტებს ქმნის. შენობებს ხშირად აქვს აივნები, ტერასები და დიდი ფანჯრები, რომლებიც იჭერენ მზის სხივებს და ქმნიან ხედებს წყლისკენ.

ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლისაბონი და პორტო, არქიტექტურა არ ცდილობს ლანდშაფტზე დომინირებას. ამის ნაცვლად, ის ადაპტირდება მასთან – ის ბუნებრივ ტოპოგრაფიას მიჰყვება, რის შედეგადაც ამ ქალაქებში სეირნობა თითქოს არქიტექტურის ეტაპობრივად აღმოჩენას ჰგავს.


პორტუგალიური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ელემენტია აზულეჟუ – დეკორატიული კერამიკული ფილები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით უამრავ შენობას ფარავს. ფილების უმეტესობა ლურჯი და თეთრია და ისინი რთული ნიმუშებითაა განლაგებული.  თუმცა, ეს ფილები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დეკორაცია. ისინი შენობებს ტენიანობისა და სიცხისგან იცავს, რაც მათ პორტუგალიის კლიმატისთვის პრაქტიკულ არქიტექტურულ გადაწყვეტად აქცევს.

ამავდროულად, აზულეჟუს მრავალი პანელი ისტორიულ სცენებს, რელიგიურ ისტორიებს ან ორნამენტულ კომპოზიციებსაც ასახავს.

პორტუგალიის ისტორიულ სტილებს შორის ერთ-ერთუ გამორჩეულია მანუელინის სტილი. მე-15 და მე-16 საუკუნეებში განვითარებული ეს სტილი ასახავს იმ ეპოქას, როდესაც პორტუგალია მსოფლიოს იკვლევდა. მისი დეკორატიული დეტალები ხშირად შთაგონებულია საზღვაო ელემენტებით, როგორიცაა თოკები, ნიჟარები, ზღვის მცენარეები და ნავიგაციური სიმბოლოები. ეს დეტალები შენობებს რთულ ქანდაკებებად გარდაქმნის.

ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი მაგალითია ლისაბონში მდებარე ჯერონიმოს მონასტერი – ქვის ნაკეთობების შედევრი, რომელიც პორტუგალიის აღმოჩენების ეპოქას აღნიშნავს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე აღმაფრთოვანებელ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად რჩება.

პორტუგალიის არქიტექტურული ისტორია წარსულში არ მთავრდება. ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი თანამედროვე არქიტექტორების სამშობლოცაა. თანამედროვე პორტუგალიური არქიტექტურა ცნობილია თავისი ელეგანტურობით, მინიმალიზმით და ლანდშაფტთან მჭიდრო კავშირით.

დრამატული ფორმების ნაცვლად, არქიტექტორები ხშირად პროპორციებზე, სინათლესა და მასალებზე აკეთებენ აქცენტს. თანამედროვე პორტუგალიური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა ალვარო სიზა ვიეირა, რომლის ნამუშევრებიც ცნობილია თავისი სიმარტივითა და გარემოსთან გააზრებული ინტეგრაციით. მისი ნამუშევრები აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე არქიტექტურას დარჩეს თანამედროვედ და ამავდროულად ღრმად იყოს დაკავშირებული ადგილობრივ იდენტობასთან.

ედუარდო სუტო დე მოურა თანამედროვე პორტუგალიური არქიტექტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი პროექტები აღიარებულია სუფთა გეომეტრიითა და ბუნებრივი მასალების (ქვა, ბეტონი და ხე) გამოყენებით. სუტო დე მოურა ხშირად აერთიანებს თანამედროვე ფორმებს ტრადიციულ პორტუგალიურ ელემენტებთან, ქმნის ნაგებობებს, რომლებიც ერთდროულად ინოვაციურიცაა და კონტექსტთანაც დაკავშირებული.

მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლოა, პორტუგალიური არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად სინათლე დავასახელოთ. მზის სხივების ძლიერი ნათება მთელი დღის განმავლობაში ცვალებად ჩრდილებსა და ტექსტურებს ქმნის, რაც მუდმივად ცვლის შენობების იერსახეს. შედეგად კი პორტუგალიის არქიტექტურა იშვიათად არის სტატიკური – ის ცოცხალი და ცვალებადია.

ავტორი – ლიზა ჩიმაკაძე

წყარო 1 
წყარო 2
წყარო 3

Leave a comment

Explore
Drag