პრაღის ინდუსტრიულ უბანში მდებარე DOX წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ძველი საწარმოო გარემო გარდაიქმნას თანამედროვე კულტურულ და არქიტექტურულ პლატფორმად ისე, რომ არ დაიკარგოს თავისი ისტორიული იდენტობა. DOX+ არის DOX Centre for Contemporary Art-ის ბოლო და ყველაზე მასშტაბური გაფართოება, რომელიც ფუნქციურად პასუხობს თანამედროვე ხელოვნების სცენის მზარდ მოთხოვნებს.
DOX Centre for Contemporary Art პირველად გაიხსნა 2008 წელს, ყოფილი ქარხნის შენობის ადაპტაციის შედეგად. ეს საწყისი ფაზა არქიტექტორმა ივან კრუპამ განახორციელა და პროექტმა მალევე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ცენტრის ტერიტორიაზე საგამოფენო დარბაზებთან ერთად აგრეთვე განთავსებულია სახვითი ხელოვნების არქივი, წიგნებისა და დიზაინის მაღაზია. სიტყვა “DOX” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “DOXA”, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობა “აღქმაა.”
2013-ში DOX-ის ცენტრის დამფუძნებელი Leoš Válka დაუკავშირდა Martin Rajniš-ს და მათ ერთობლივად შეიმუშავეს ხის დირიჟაბლი Gulliver-ის დიზაინი. გულივერი სიმბოლოა ოპტიმისტური იდეალების, ტექნოლოგიური პროგრესის, თავგადასავლების, კრეატიულობის, აღმოჩენების.
DOX+ კომპლექსს 2018 წელს დაემატა, როგორც განვითარების ახალი ეტაპი. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ სივრცის გაზრდა, არამედ ისეთი არქიტექტურული სტრუქტურის შექმნა, რომელიც სპეციალურად იქნებოდა მორგებული თეატრის, ცეკვის, მუსიკის, კინოსა და საჯარო დისკუსიების საჭიროებებს. ისევე, როგორც საწყისი პროექტიც, DOX+ იც ნომინირებული იყო მის ვან დერ როეს პრესტიჟული ჯილდოსთვის.
DOX+ის პროექტის ავტორია ჩეხური სტუდია Petr Hájek Architekti. მიდგომა ეფუძნება არქიტექტურას, როგორც ფუნქციურ ჩარჩოს და არა დომინანტურ ობიექტს – შენობა უნდა ემსახურებოდეს პროცესს, მოძრაობასა და შინაარსს.
განახლებული პროექტი არ ცდილობს ძველსა და ახალს შორის მკვეთრი კონტრასტის შექმნას. პირიქით, DOX+ ავითარებს ინდუსტრიულ შინაარსს თანამედროვე არქიტექტურული ენით, რომელიც მოიცავს მასშტაბს, მოცულობებს და მარტივ და მკაცრ მასალებს.
DOX+ მულტიფუნქციური ჰოლი შედგება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ნაწილისგან:
- მულტიფუნქციური დარბაზი თეატრისა და კონცერტებისთვის
- ცეკვისა და პერფორმანსის რეპეტიციის სივრცე
- ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ბლოკი
შიდა სივრცეები დაპროექტებულია ღია პრინციპით, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას და სხვადასხვა სივრცის სწრაფად ადაპტირებას.
პროექტში დომინირებს ბეტონი, რომელიც შენობის სტრუქტურულ და ვიზუალურ საფუძველს ქმნის. მისი უხეში ტექსტურა ხაზს უსვამს ინდუსტრიულ საფუძვლებს და ამავე დროს ქმნის ნეიტრალურ ფონს ხელოვნებისა და ღონისძიებებისთვის.
ბეტონს ავსებს: ლითონის კონსტრუქციული ელემენტები, აკუსტიკურად დამუშავებული ხის ზედაპირები, ტექნიკური დამცავი ფენა და ფარდები, რომლებიც აკონტროლებს ხმაურსა და თერმულ პირობებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკუსტიკას – დარბაზი გათვლილია როგორც ხმოვანი, ისე ვიზუალური წარმოდგენებისთვის და აღჭურვილია მოძრავი ტრიბუნებითა და სცენური ტექნიკით.
შედეგად DOX არ ცდილობს არქიტექტურულ სპექტაკლად ქცევას. მისი ძალა მდგომარეობს სიზუსტეში, ფუნქციურობაში და მოქნილობაში. DOX წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის წარმატებულ მაგალითს, სადაც ინდუსტრიული წარსული და თანამედროვე კულტურული მოთხოვნები თანაარსებობს ერთ მთლიან სისტემაში. ეს არის შენობა, რომელიც არ ამთავრებს ისტორიულ დიალოგს, არამედ აგრძელებს მას.