სალკის ინსტიტუტი თანამედროვე არქიტექტურისა და ბრუტალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სიმბოლურ ნიმუშად ითვლება. ეს არის შენობა, სადაც მეცნიერება, ბუნება და არქიტექტურა იდეალურ ბალანსში ერთიანდება.
ეს შენობა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად ითვლება ბრუტალიზმის არქიტექტურაში. ბრუტალიზმი, როგორც მიმდინარეობა კი დიდი ბრიტანეთის XX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა და მასალის ავთენტურობას, ფერთა პალიტრის მონოქრომულობას, კონსტრუქციული ელემენტების ღიად ჩვენებას და ფორმის მკაფიო, დაუფარავ გამოხატვას ეფუძნება. ტერმინი „ბრუტალიზმი“ ასოცირებულია béton brut-თან, რაც ფრანგულად დაუმუშავებელ, შიშველ ბეტონს გულისხმობს. ბრუტალიზმის მიდინარეობის ყველაზე ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორები არიან ფრანგ-შცვეიცარიელი ლე კორბუზიე, ესტონელ-ამერიკელი ლუის კანი, გერმანელ-ამერიკელი ლუდვიგ მის ვან დერ როე, ფინელი ალვარ ალტო.
ბიოლოგიური გამოკვლევების სალკის ინსტიტუტი (Salk Institute for Biological Studies) მდებარეობს ლა ჯოლაში, კალიფორნიაში, კლდოვან სანაპიროზე, წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს. მისი პროექტი ეკუთვნის ლეგენდარულ არქიტექტორს ლუის კანს (Louis Kahn) – არქიტექტორს, რომელმაც სივრცეს „სიჩუმისა და სინათლის“ მნიშვნელობა მიანიჭა.
შენობის დაგეგმარება დაიწყო 1959 წელს, ხოლო მშენებლობა დასრულდა 1965 წელს. ინსტიტუტი შეიქმნა ბიოლოგისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ჯონას სალკის ინიციატივით, რომელიც მეცნიერებისთვის თავისუფალი და შთამაგონებელი სამუშაო გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად.
სალკის ინსტიტუტი შედგება ორი სიმეტრიული ბლოკისგან, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად არიან განლაგებული. მათ შორის მდებარეობს ღია ეზო, რომლის ცენტრშიც გადის ვიწრო წყლის არხი – პირდაპირ მიმართული ოკეანისკენ. ეს არხი სიმბოლურად უკავშირებს შენობას ბუნებასა და ოკეანის უსასრულობას.
კანი მიზანმიმართულად მოერიდა დეკორატიულ ელემენტებს და ყურადღება გაამახვილა ფორმის ბუნებრიობაზე, პროპორციებზე და სინათლეზე. ძირითად მასალებად გამოიყენა გამოყვანილი ბეტონი, ხე – ფანჯრებისა და სხვა დეტალებისთვის, ქვა და წყალი – როგორც სივრცის დამატებითი ემოციური და ბუნებასთან დამაკავშირებელი ელემენტები.
ბეტონის დამუშავება განსაკუთრებული ტექნიკით განხორციელდა – კანი ითხოვდა ზედაპირს, რომელიც დროს გაუძლებდა და ბუნებრივად დაძველდებოდა. ამის გამო შენობა დღესაც მონუმენტურად გამოიყურება.
ფანჯრების მოძრავი ხის პანელები საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავად აკონტროლოს სინათლე და ჰაერი – ეს ფუნქციური გადაწყვეტილება არქიტექტურას ადამიანურ მასშტაბს აძლევს.
ლუის კანისთვის სინათლე არქიტექტურის მთავარი სამშენებლო მასალა იყო. სალკის ინსტიტუტში ბუნებრივი სინათლე არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ სულიერი ელემენტია – ის ქმნის სიმშვიდის, კონცენტრაციის და ფიქრის გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევისთვის.
სალკის ინსტიტუტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ბრუტალიზმის ერთ-ერთი უმაღლესი ნიმუში, არქიტექტურისა და ლანდშაფტის იდეალური შერწყმა და სივრცე, რომელიც ემოციურად მოქმედებს ადამიანზე.
ავტორი – სოფიო ხეცურიანი