მადრიდის ცენტრში, ატოჩას სადგურის მახლობლად, ერთი შენობა დაგხვდებათ, რომელიც წარსული ისტორიის და თანამედროვე ენერგიის იდუმალი ნაზავია.
დღეს ეს შენობა ცნობილია, როგორც რეინა სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი – Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía. მისი ისტორია კი სულ სხვაგვარად დაიწყო.
XVIII საუკუნეში, მეფე კარლოს III-ის მმართველობის დროს, არქიტექტორებმა ხოსე დე ერმოსამ და ფრანცისკო საბატინიმ დაიწყეს მასიური ნეოკლასიკური სტილის შენობის აშენება, რომელიც შემდგომში საავადმყოფო უნდა ყოფილიყო.
შენობის არქიტექტურა XVIII საუკუნის ესპანეთს კარგად გამოხატავდა – სიმეტრიულობა, მკაფიო ხაზები, ფართო ეზოები და მაღალი თაღები სიმშვიდისა და სიდიადის განცდას ქმნიდა. შენობის გეგმარება სამ ძირითად ბლოკს შეადგენდა. ორი გრძივი და ერთი ცენტრალური, რომლებიც ერთმანეთს ეზოებით და თაღოვანი გალერეებით უკავშირდებოდა.
კონსტრუქციულად შენობა აგებულია აგურისა და გრანიტის კომბინაციით, მტკიცე გარე კედლებითა და ხის გადახურვებით, რაც XVIII საუკუნის სამოქალაქო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი იყო. გრანიტის სვეტები უზრუნველყოფდა ტენგამძლეობასა და სტრუქტურულ სიმყარეს, ხოლო შიდა ეზოები ქმნიდა ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის სისტემას, რაც ფუნქციურად აუცილებელი იყო იმდროინდელი საავადმყოფოსთვის.
ამჟამინდელი რეინა სოფიას მუზეუმის შენობა ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა როგორც Hospital General de Madrid, თუმცა 1980-იან წლებში ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შენობის გარდაქმნის შესახებ. რესტავრაციის პროცესში შენარჩუნდა მისი ნეოკლასიკური საწყისები – ქვის ფასადები, სიმეტრიული გეგმა და ცენტრალური ეზოების სისტემა – თუმცა დაემატა თანამედროვე ელემენტები, რომლებიც ძველსა და ახალს შორის ერთგვარი ხიდი გახდა. სწორედ ამ პერიოდში დაემატა შენობას ორი შუშის ლიფტის კოშკი – არქიტექტორ ჟან ნუველის პროექტი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული დეტალი ამ შენობაში.

რეინა სოფიას მუზეუმში ჟან ნუველის (Jean Nouvel) ხელწერას მაშინვე იგრძნობთ: ფოლადი, მინა და დიდი წითელი სახურავი, რომელიც თითქოს მფარველივითაა გადაფარებული მოედანს. მისი კონსტრუქციული სისტემა დაფუძნებულია ფოლადის ჩარჩოზე, მინის ფასადებზე და მსუბუქ ალუმინის ელემენტებზე, რაც ქმნის მკვეთრ კონტრასტს XVIII საუკუნის ქვის მასალასთან. ამავე არქიტექტორის შესრულებულია აბუ-დაბის ლუვრიც (იხ.ბლოგი)
შენობის შიდა სივრცე თავისი სისუფთავითა და სინათლით იდეალურად ერგება თანამედროვე ხელოვნების ბუნებას – მკაცრი თეთრი კედლები, დიდი ფანჯრები და შუშის გადახურვები აძლევს საშუალებას ნამუშევრებს “ისუნთქონ” და მნახველთან უფრო ახლო კავშირი ჩამოაყალიბონ.


რეინა სოფია დღეს არა მხოლოდ პიკასოსა და დალის ნამუშევრების საცავია, არამედ თავადაა ხელოვნების ნაწარმოები – არქიტექტურული დიალოგი საუკუნეებს შორის. ძველი საავადმყოფოს მყარ საძირკველზე აღმართული მინა, ფოლადი და სინათლე გვახსენებს, რომ არქიტექტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც დროის ცვლილებასთან ერთად საკუთარი ფორმის განახლება შეუძლია.
ავტორი: სოფიო ხეცურიანი