პრიცკერის არქიტექტურული პრემია (Pritzker Architecture Prize) ხშირად მოიხსენიება, როგორც არქიტექტურის სფეროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ერთგვარი „ნობელი არქიტექტორებისთვის“. მისი ისტორია, გავლენა და ფილოსოფია არა მხოლოდ გამარჯვებულების სიისგან შედგება, არამედ იმ იდეისგანაც, თუ როგორ გვესმის არქიტექტურა, როგორც კულტურული და სოციალური ძალა.
პრემია 1979 წელს ჯეი და სინდი პრიცკერების მიერ, ამერიკული სასტუმროების გლობალური ქსელის Hyatt Hotels Corporation მფლობელი ოჯახის მხარდაჭერით დაარსდა. Pritzker family აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ბიზნეს დინასტიად ითვლება, რომელიც ინვესტიციებს სხვადასხვა სფეროში დებდა. მათ შორის ხელოვნებისა და არქიტექტურის მხარდაჭერაში. მათი მიზანი იყო არქიტექტორების წახალისება, რადგან იმ დროისთვის არქიტექტურა ხშირად არ იღებდა ისეთ საერთაშორისო აღიარებას, როგორსაც ხელოვნების სხვა დარგები.
პრიცკერის პრემიის პირველი ლაურეატი ფილიპ ჯონსონი გახდა. ჯილდო მას 1979 წელს გადაეცა, არა მხოლოდ ინდივიდუალური ნამუშევრების გამო, არამედ იმისთვის, რომ მან თანამედროვე არქიტექტურა ამერიკაში ფართო კულტურულ მოვლენად აქცია.
ფილიპ ჯონსონი განსაკუთრებით ცნობილია მოდერნისტული არქიტექტურით. კარიერის დასაწყისში იგი ამერიკაში აქტიურად ავრცელებდა ევროპული მოდერნიზმის იდეებს და ხელს უწყობდა ისეთი არქიტექტორების ცნობადობას, როგორებიც იყვნენ ლე კორბუზიე (Le Corbusier) და მის ვან დერ როე (Mies van der Rohe). მოგვიანებით კი თავადაც გახდა ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პრიცკერის პრემია არ არის მხოლოდ ესთეტიკის აღიარება. მისი მთავარი კრიტერიუმები მოიცავს: სივრცის ხარისხს და ადამიანზე ზემოქმედებას, ინოვაციას და კონცეპტუალურ სიღრმეს, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან დიალოგს და რაც მთავარია – დროის მიმართ მდგრად დიზაინს. ამიტომაც, გამარჯვებულები ხშირად არიან არქიტექტორები, რომლებიც არა მხოლოდ ფორმას ქმნიან, არამედ ფილოსოფიურ მიმდინარეობას – როგორ ცხოვრობს ადამიანი ამა თუ იმ სივრცეში.
1980-90-იან წლებში პრემია ძირითადად დასავლელ არქიტექტორებს გადაეცემოდა, თუმცა დროთა განმავლობაში იგი უფრო გლობალური გახდა.
Tadao Ando (1995) – მინიმალიზმისა და სინათლის არქიტექტურა
Zaha Hadid (2004) – პირველი ქალი ლაურეატი, დინამიკური ფორმების ერა
Shigeru Ban (2014) – ჰუმანიტარული არქიტექტურა და დროებითი სტრუქტურები
Balkrishna Doshi (2018) – სოციალური საცხოვრებლის ახალი ხედვა ინდოეთში
ეს სახელები აჩვენებს, რამდენად გაფართოვდა არქიტექტურის გავლენის აღიარება: თუ ადრე აქცენტი მონუმენტურობაზე კეთდებოდა, დღეს უკვე სოციალური გავლენაა უმნიშვნელოვანესი
2026 წლის Pritzker Architecture Prize-ის გამარჯვებული ჩილელი არქიტექტორი Smiljan Radić Clarke გახდა. თავად ჯილდო მოიცავს:
- ბრინჯაოს მედალს
- 100 000 დოლარს
- და ყველაზე მნიშვნელოვანს – საერთაშორისო აღიარებას, როგორც არქიტექტურის სფეროს უმაღლეს პრემიას.
პრიცკერის პრემია არ წარმოადგენს მხოლოდ გამარჯვებულთა ჩამონათვალს – ის თანამედროვე არქიტექტურული პროცესებისა და ტრენდების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. პრემია არქიტექტორებს აძლევს გლობალურ პლატფორმას, განსაზღვრავს „საუკეთესო პრაქტიკებს“ ინდუსტრიაში და აჩენს ახალ დისკუსიებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის გარშემო