Skip links

ექსეტერის ბიბლიოთეკა, ბრუტალიზმი – სივრცე, სადაც ცოდნა ფორმას იძენს (აშშ, ნიუ-ჰემფშირი)

Share
არსებობს სივრცეები, სადაც შესვლისთანავე გრძნობ, რომ აქ ყველაფერი ფიქრისთვის არის შექმნილი. ფილიპსის აკადემიის ექსეტერის ბიბლიოთეკა (Phillips Exeter Academy Library) სწორედ ასეთი ადგილია – მშვიდი, გაწონასწორებული და ამავე დროს შთამბეჭდავი. აქ არქიტექტურა არ გიკარნახებს, როგორ უნდა იგრძნო თავი, ის უბრალოდ ქმნის გარემოს, სადაც სწავლის სურვილი ბუნებრივად იბადება. შენობა ბრუტალიზმის ნიმუშია. ის არის საშუალო სკოლისთვის განკუთვნილი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა მსოფლიოში და დაიტევს 250 000-მდე ტომს.

ცენტრალური ატრიუმი წარმოადგენს სივრცის მთავარ კონსტრუქციულ და ვიზუალურ ღერძს. იგი თითქმის სრული სიმაღლით იჭრება შენობაში და ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია მასიური ბეტონის კედლებით. ეს წრიული ჭრილები არა მხოლოდ ესთეტიკური ელემენტია, არამედ ისინი ამცირებენ მასის სიმძიმეს, ანაწილებენ დატვირთვას და ქმნიან ვიზუალურ გამჭვირვალობას სართულებს შორის.

განსაკუთრებულ ყურადღებას ფანჯრების სისტემა იმსახურებს. აგურის ფასადში არსებული ჭრილები ჩრდილის ბუნებრივ კონტროლს ქმნის. თითოეული კითხვის ადგილი ფანჯარასთან ისეა ინტეგრირებული, რომ მკითხველი ინდივიდუალურ, ნახევრად იზოლირებულ გარემოს იღებს. ეს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ აკუსტიკური გადაწყვეტაცაა, რათა სივრცეში ხმაური მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

ფილიპსის ექსეტერის აკადემიის ბიბლიოთეკა (ნიუ-ჰემფშირი, აშშ) ესტონელ-ამერიკელმა არქიტექტორმა Louis Kahn-მა დააპროექტა. შენობა 1965–1971 წლებში აშენდა . ეს პროექტი მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად მყარი და კარგად გათვლილი ნამუშევარია.

შენობა დაახლოებით 33 მეტრის სიმაღლის, ცხრასართულიანი კუბური მოცულობაა. მისი სტრუქტურა მკაფიო გეომეტრიულ სისტემაზეა დაფუძნებული – გარე აგურის ფასადი მუშაობს როგორც დამცავი „გარსი“, ხოლო შიდა ბირთვი რკინაბეტონის კონსტრუქციით არის შესრულებული. ეს ორმაგი სტრუქტურული ლოგიკა – მძიმე გარე კედლები და მსუბუქად ორგანიზებული შიდა სივრცე ქმნის როგორც სტაბილურობას, ისე მოქნილობას.

ინსოალციის თვალსაზრიისთ,  მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათების მაქსიმალური გამოყენება. ზედა ნაწილში განთავსებული ფარული ფანჯრები და სინათლის შახტები ატრიუმში ავრცელებს დიფუზურ განათებას, რაც ამცირებს ხელოვნურ განათებაზე დამოკიდებულებას. 

მასალების შერჩევა ტექნიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ერთდროულად ემსახურება. წითელი აგური უზრუნველყოფს გამძლეობას და კონტექსტთან ჰარმონიას, ბეტონი – სტრუქტურულ სიმტკიცეს, ხოლო ბუნებრივი ხე – სითბოს. ყველა ელემენტი აშკარადაა გამოხატული და არაფერი იმალება დეკორით.

ფილიპსის აკადემიის ბიბლიოთეკა ქალაქ ექსეტერში გვაჩვენებს, რომ ტექნიკური სიზუსტე და ემოციური გამოცდილება ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის. პირიქით, სწორედ კარგად გააზრებული კონსტრუქცია, სტრუქტურა და მასალები ქმნის იმ მშვიდ, კონცენტრირებულ ატმოსფეროს, რომელიც ამ სივრცეს ასე განსაკუთრებულს ხდის.

წყარო 1
წყარო 2
ავტორი: სოფიო ხეცურიანი

Leave a comment

Explore
Drag