პრიცკერის პრემია არქიტექტურის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება და ის იმ არქიტექტორებს გადაეცემათ, რომლებმაც შეცვალეს ინდუსტრია და გავლენა მოახდინეს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები შენობებსა და ქალაქებს. მსოფლიოში არაერთი გამორჩეული არქიტექტურული პროექტი სწორედ პრიცკერის პრემიის მფლობელების მიერაა შექმნილი, თითოეული მათგანი კი დიზაინის, ინოვაციისა და სივრცის საკუთარ ისტორიას გვიყვება.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია პროექტი, რომელმაც თანამედროვე არქიტექტურა შეცვალა – 2012 წელს აშენებული ზაჰა ჰადიდის ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში. ტრადიციული, კუთხეებიანი შენობის ნაცვლად, ჰადიდმა შექმნა თეთრი, რბილი ფორმები, რომლებიც თითქოს მიწიდან გადადის სახურავსა და კედლებში. შენობა თითქოს მოძრავად გამოიყურება. პროექტი მალევე იქცა იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიასა და ინჟინერიას შექმნას ფორმები, რომლებიც ადრე თითქმის შეუძლებლად მიიჩნეოდა.
იაპონიაში ტადაო ანდოს 1989 წლის სინათლის ეკლესია სრულიად განსხვავებული მიზეზით გახდა ცნობილი – მისი სიმარტივის გამო. ეკლესია ძირითადად ექსპოზირებული ბეტონისგან არის აშენებული და თითქმის არ აქვს დეკორაცია. თუმცა კედელში გაკეთებული ჯვრის ფორმის სივრცე ბუნებრივ სინათლეს უშვებს შიგნით. სწორედ სინათლე ხდება სივრცის მთავარი არქიტექტურული ელემენტი. რთული ფორმებისა და ძვირადღირებული მასალების გარეშე, სივრცე მაინც დასამახსოვრებელ ემოციას ქმნის. ეკლესია მინიმალისტური მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუშია.
პიტერ ცუმთორის Therme Vals შვეიცარიაში ასევე განსხვევბულ არქიტექტურულ ისტორიას გვიყვება. 1996 წელს, ადგილობრივი ქვისგან აშენებული და მთის ლანდშაფტში ინტეგრირებული თერმული აბანოები უფრო ატმოსფეროზეა ორიენტირებული, ვიდრე ვიზუალურ ეფექტზე. ცუმთორმა სივრცე ისე დააპროექტა, რომ ადამიანები მას თანდათანობით აღიქვამდნენ – ხმის, ტექსტურის, ტემპერატურისა და სინათლის საშუალებით. ბევრი ვიზიტორი ამ შენობას უბრალოდ არქიტექტურად კი არა, გამოცდილებად აღწერს.
ალვარო სიზა ვიეირას პორტუგალიის პავილიონი Expo ’98-ის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პროექტად იქცა. 1998 წელს აშენებული ნაგებობის ყველაზე გამორჩეული ელემენტია დიდი ბეტონის გადახურვა, რომელიც ორ სტრუქტურას შორის არის გადაჭიმული და ქვემოთ საზოგადოებრივ სივრცეს ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქცია მძიმე ბეტონისგან არის შესრულებული, ის მსუბუქად და თითქმის „მცურავად“ გამოიყურება. პავილიონმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია მარტივ არქიტექტურულ იდეას შექმნას ძლიერი იდენტობა და დასამახსოვრებელი სივრცე.
კიდევ ერთი საკულტო პროექტია ფრენკ ლოიდ რაიტის Fallingwater (1939წ). სახლი აშენებულია ჩანჩქერის თავზე, პენსილვანიის ბუნებაში, და ისეა დაპროექტებული, რომ გარემოს ნაწილი გახდეს და არა მისგან განცალკევებული ობიექტი. ამისათვის რაიტმა გრძელი ჰორიზონტალური ტერასები გამოიყენა, რომლებიც წყალსა და ტყეს ერწყმის. ათწლეულების შემდეგაც Fallingwater არქიტექტურასა და ბუნებას შორის ჰარმონიის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება.
ეს ნაგებობები გავლენიანი მხოლოდ ვიზუალური იერსახის გამო არ გამხდარა. თითოეულმა მათგანმა ახალი იდეა შემოიტანა არქიტექტურაში – ზოგმა ქალაქები ცვლილება, ზოგმა ტექნოლოგიების განვითარებაზე მოახდინა გავლენა, ზოგმაც ადამიანების სივრცის აღქმა შეცვალა. ერთად ისინი გვაჩვენებენ, რომ არქიტექტურა მხოლოდ შენობების აშენება არ არის – ეს არის იდეებისა და გამოცდილებების შექმნა, რომლებიც წლების შემდეგაც აქტუალური რჩება.